Wednesday, November 4, 2015

,,ვოცნებობდი, რომ ღმერთს ჩემთვის ცოდვები მიეტევებინა“

ტაძარში ვიდექი ვფიქრობდი, ღმერთს პატიებას ვთხოვდი და ვოცნებობდი… ვოცნებობდი უკეთეს მომავალზე, ვოცნებობდი, რომ ღმერთს ჩემთვის ცოდვები მიეტევებინა… ვგრძნობდი, რომ მტკიოდა, მტკიოდა სული, სხეული და მეზიზღებოდა ჩემი წყეული წარსული, მაშინ ხომ რაღაც ვიყავი და არა ვიღაც. საკუთარ თავთან და უფალთან მარტო დარჩენილი ვაანალიზებდი თუ როგორი ვიყავი ადრე, რა იმალებოდა ამ უმანკო, ლამაზი სხეულის მიღმა, მეუბნებოდნენ უგულო ხარო, ეზიზღებოდათ, როცა მხედავდნენ და იმ მომენტში მართლაც მთელი გულით მძულდა. სულ რაღაც 16 წლისა ვგრძნობიდი როგორ მჭამდა სიძულვილი, როგორ მინგრევდა ცხოვრებას, როგორ მანადგურებდა, მეკი არაფერს ვაკეთებდი თავის გადასარჩენად, პირიქით-ვოცნებობდი, რომ მომეკლა, ადამიანების თვალებში ზიზღი და შიში დამენახა როდესაც მიყურებდნენ, მინდოდა მარტო დავრჩენილიყავი, სულ მარტო და ჩემი ,,ცხოვრებით“ ჩემი აღქმით და ჩემი გრძნობებით მეცხოვრა. მინდოდა ბოროტი ვყოფილიყავი, ადამიანებისთვის ტკივილი მიმეყენებინა. ახლა კი, ამ ყველაფერს ვინანიებდი და ცხოვრების თავიდან დაწყება მინდოდა, უფლის წინაშე მუხლმოდრეკილი ვაანალიზებდი თუ რას ვაშავებდი, როგორ ვკარგავდი ცხოვრების ლამაზ დღეებს, ნდობას, სიყვარულს, ერთგულებას… ვაცნობიერებდი თუ როგორ ვსცოდავდი უფალს, ის ხომ ყოველთვის გვერდით მედგა და ხელით მატარებდა როცა მიჭირდა… 2-ჯერ ვცადე თავის მოკვლა… მაგრამ უშედეგოდ, უკვე ვხვდებოდი, რომ ესეც უფლის წყალობით იყო, რადგან ის ამ დღეს ელოდა… და აი მეც გავიღვიძე, აღმოვაჩინე, რომ ვარ ვიღაც და არა რაღაც… მერე რა, რომ არავინ მყავდა, მერე რა, რომ ქუჩაში გავიზარდე მერე რა, რომ მშობლებმა მიმატოვეს მე უფალი მყავდა გვერდით და მე ის მთელი გულით მიყვარდა… ტაძრიდან გამოვედი, ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა, ულამაზესი იყო დედამიწა, მიხაროდა ადამიანების დანახვა, თუმცა ისინი ზიზღით მიყურებდნენ, ეშინოდათ და გარბოდნენ… მეკი ვიტანჯებოდი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ დავიმსახურე… მერე მტკვრის პირას ჩამოვჯექი, ცხოვრებაში პირველად ვტიროდი, სული მტკიოდა და ამჯერად მართლა აღარაფერი მინდოდა, უცებ მხარზე შეხება ვიგრძენი და მოხედვაც ვერ მოვასწარი, რომ უცნობის ხმა გავიგე – გოგონა წადით, აქ ნაგავსაყრელი არ არის- მითხრა მან. უსიტყვოდ ავდექი და წამოვედი, მაგრამ არ ვიცი სად. მერე ის ადგილი გამახსენდა სადაც ღამეს ვათევდი და ბნელ აღმართს ავუყევი ვაკის სასაფლაოსკენ. ახლა იქაურობა საშინელი, შემზარავი და საშიში მეჩვენებოდა, არ მინდოდა იქ დაბრუნება, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა… იმ ღამეს არაფერი მიჭამია, მშიოდა, მწყუროდა და მციოდა, მიკვირდა ნუთუ ასეთი პირობებში ვცხოვრობდი… ახლა სხვა ადამიანი ვიყავი მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის გამეძლო რადგან უკეთესის იმედი მქონდამ იმედი მქონდა, რომ ხვალ აღარ შემომხედავდნენ შიშით ადამიანები და არ შევზიზღდებოდი მათ ვფიქრობდი და ვკანკალებდი, რადგან მეშინოდა და მციოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უფალმა მაპატია და ეს მათბობდა, ნელა შიშის გრძნობასაც მიფანტავდა… მერე ვიგრძენი რომ გავცივდი, თვალები დავხუჭე და იქვე სასაფლაოს კუთხეში სამუდამოდ ჩამეძინა…

No comments:

Post a Comment