მაშინ, როდესაც სახლში ძალიან ციოდა და ბნელოდა, ლამპის შუქზე მიკითხავდნენ ზღაპრებს საწოლში. ხო სწორედ ასეთი იყო 90-იანელი ბავშვის ყოველი საღამო. განსაკუთრებით კონკია და ფიფქია მიყვარდა, პირველი ალბათ იმიტომ რომ მოუთმენლად ველოდი გაზრდას, პრინცის მოსვლას და რა ვიცი კიდევ რას.. მეორე კი, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა ჯადოსნური სარკე
გავიდა წლები და აღარც პრინცი მახსოვდა და აღარც ჯადოსნური სარკის ქონის სურვილი მკლავდა, შეიცვალა დროც, აღარც ლამპის შუქთან ვკითხულობ და აღარც ზღაპრებს მიყვებიან ძილისწინ. ახლა როცა სამსახურში ვზივარ, ვაანალიზებ, რომ ჩემი ოცნებები, რომელზეც ბავშვობაში სარკის წინ დამდგარი ვფიქრობდი, ახდა. ვსვამ კითხვებს, ვიღებ პასუხებს, უკიდეგანო სამყაროში ვიკარგები, ვხედავ ადამიანებს შორს, ამერიკაში, ავსტრალიაში, მთვარეზე, მარსზე, ცაში, დედამიწაზე, წყალქვეშ. ხოდა ეს ყველაფერი ინტერნეტმა გახადა შესაძლებელი და დღეს წარმოუდგენლად მიმაჩნია ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე. მეტიც ვთვლი, რომ ინტერნეტს ადამიანის ბედისწერის შეცვლა შეუძლია, ისევე როგორც, ჯადოსნურ სარკეს. ხო ეს ის ჯადოსნური სამყაროა, რომელიც გვაერთიანებს და გვაკავშირებს მიუხედავად, იმისა რომ ძალიან შორს ვართ. რატომღაც ინტერნეტი ჩემთვის ყოველთვის ზღაპართან ასოცირდებოდა. აი ახლა მივხვდი, რათქმაუნდა! იყო და არა იყო რა, იყო ერთი ინტერნეტი...
No comments:
Post a Comment