Wednesday, November 4, 2015

კოლორიტი - გერონტი ღლონტი _ თვითნაბადი, ეროვნული მხატვარი

მხატვარზე, რომელსაც აკადემიური განათლება არ აქვს, ხშირად იტყვიან, თვითნასწავლიაო. გერონტი ლლონტს კი ყველგან და ყოველთვის მოიხსენიებენ არა თვითნასწავლ, არამედ თვითნაბად მხატვრად, რომლის ფერტილოები თუ გრაფიკული ნამუშევრები არაფრით უდებენ ტოლს კლასიკური განათლების მქონე მხატვრების შედევრებს, მეტიც, ზოგიერთ კომპონენტში აღემატებიან კიდეც.
თანამედროვე ქართულ მხატვრობაში ამ ერთ-ერთი ორიგინალური ფერმწერ-გრაფიკოსის, თხემით ტერფამდე ნატურალური შემოქმედისა და კოლორიტული პიროვნების სიტყვიერ-წერილობითი პორტრეტის შექმნაზე კარგა ხანია ვფიქრობ, მაგრამ ვერასდროს გავბედე, შევშინდი, დიდია და ვერ მოვერევი-მეთქი. და თუ დღეს ამ თემაზე მაინც დავაპირე კალმის აღება, ეს, უპირველესად, მხატვრის მეუღლის, ქალბატონი ზოია თავაძის უნიკალური ჩანაწერების იმედით, ჩანაწერებისა, რომელიც როგორც ჩემთვის, ისე მკითხველი საზოგადოებისთვის მეტად სასიამოვნო სიურპრიზია.
`ძნელია მხატვრის ცოლობა, მე მგონი, ძნელი კი არა, ძალიან ძნელია. ბედნიერებაცაა, მხოლოდ მაშინ, თუ მხატვრობა ძალიან, ძალიან გიყვარს და იოლიც, თუ ღმერთმა ნიჭი მოგცა, იტვირთო ეს სიძნელე.~ _ ასე იწყებს თავის დღიურს ქალბატონი ზოია თავაძე, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია მხატვარ მეუღლეზე რუდუნებით შექნილი ნამუშაკარის სამზეოზე გამოტანა. ეს მაშინ, როცა ოზურგეთი კი არა, მთელი საქართველო უნდა უფრთხილდებოდეს ამ ფიზიკურად პატარა, მაგრამ სულითა და შემოქმედებით გოლიათი კაცის ნატერფალს.
ალბათ, ბედისწერაცაა და ქუდბედიანობაც, რომ ცაგერის რაიონის სოფელ კენაშში 1938 წლის 5 იანვარს დაბადებული ლეჩხუმელი ბიჭი 1953 წლიდან სამუდამოდ დაუკავშირდა ოზურგეთს, კერძოდ, სოფელ ბოხვაურს, აქ თავისივე ხელით წალკოტად ქცეულ საკუთარ საცხოვრისს.
გერონტის მამა ალექსანდრე კენჭაძე დიდ სამამულო ომში დაიკარგა, 10 წლის ბიჭი, რომელსაც დედაც მალე გარდაეცვალა, ოჯახში უპატრონოდ დარჩა თავის უფროს, 11 წლის დასთან და უმცროს, 8 წლის ძმასთან ერთად. ომის მსვლელობისას, 1943 წელს დაჭრილი ალექსანდრე ცოტა ხნით ყოფილა სახლში, მას შემდეგ გაჩენილა უმცროსი და.
1949 წლიდან ობლები ქუთაისის საბავშვო სახლში იზრდებოდნენ. 1953 წლიდან გერონტი შვილად აიყვანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურში. მისი გამზრდელები იყვნენ: დედა _ პელო სალუქვაძე-ღლონტისა, რომელიც პირველი ნახვისთანავე ობოლ ბიჭს თავისი მშობელი დედისთვის მიუმსგავსებია და მაშინვე დათანხმებია წაყოლაზე და მამიდა _ ნატალია ღლონტი. ამავე წლიდან მომავალი მხატვარი ატარებს თავისი გამზრდელის გვარს.
1958 წელს გერონტი წარმატებით ამთავრებს ოზურგეთის #1 სკოლას. ამავე წელს ირიცხება თბილისის ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, თუმცა, პირველი კურსის პირველი სემესტრის დამთავრების შემდეგ, ოჯახური პირობების გამო, იძულებული ხდება, დაბრუნდეს ოზურგეთში.
1965 წლის დასაწყისში ქმნის ოჯახს ნატანების საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ზოია თავაძესთან. 1965 წლის 7 ნოემბერს ხდება პირველი ქალიშვილის, სოფო ღლონტის მამა. შვილის შეძენის ბედნიერება 11 წლის შემდეგაც შეიგრძნო, როცა უმცროსი ქალიშვილი თამარ ღლონტი მოევლინა ამ ქვეყანას. 1966 წელს, სწავლობს თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდიაში. 1961 წლიდან მუშაობს: ხატვის მასწავლებლად _ ბოხვაურის რვაწლიან სკოლაში; ფერწერა-ხატვისა და მხარეთმცოდნეობის წრის ხელმძღვანელად _ ოზურგეთის პიონერთა და მოსწავლეთა სახლში; სახვითი ხელოვნების მასწავლებლად _ ოზურგეთის # 3 სკოლაში...
1961 წლიდან ეწევა შემოქმედებით მუშაობას, როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი. სისტემატურად მონაწილეობს რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მისი უამრავი ნამუშევარი დაცულია სახელმწიფო ფონდებში, კერძო კოლექციებში ოზურგეთში, მოსკოვში, პეტერბურგში, უკრაინაში, ისრაელში, არგენტინაში, პოლონეთში...
არ ეჭიდებოდა დიდ ტილოებს, პატარათიც ამბობდა სათქმელს, აღწევდა სრულყოფას, აფრქვევდა მდიდარ გამას, ასხივებდა საოცარ სიყვარულს. მის ყველა ნამუშევარს ანდამატივით მიზიდულობის ძალა აქვს. ერთხელ ერთ ოჯახში პატარა ნახატი ვნახე, გერონტის იყო, სტილით ვიცანი. ხომ ვერ დამითმობდი-მეთქი, შევკადრე მასპინძელს. წინ გადამიდგა და ისე შემომხედა, მივხვდი, კითხვა რომ გამემეორებინა, თავის გატეხვა არ ამცდებოდა.
გერონტის, როგორც სახვითი ხელოვნების ინდივიდუალური წარმომადგენლის, იშვიათი და მაღალი გემოვნების მახასიათებელია მისი სამხატვრო სახელოსნო, სადაც არ უყვარდა სხვისი ნახატების დაკიდება, `ეს ჩემი სახელოსნოა და არა კოლექციების საგამოფენო ოთახიო~. ერთ თბილისელ დამთვალიერებელს აქ ხმამაღლა უთქვამს: `დედაქალაქის თითქმის ყველა დიდი მხატვრის სახლში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი სულიერი სიამოვნება ნამდვილად არსად განმიცდია. ეს სახელოსნო მხატვრის სამუშაო ადგილი კი არა, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია~. იქედან უკვე ეზოში გამოსულს, გაოცებისგან პირი დაუღია: `ეს კიდევ მხატვრის დახატული ეზოა!!!~ მართალი იყო ის კაცი, სხვა მხატვრებისაგან განსხვავებით, გერონტი მიწაზეც ხატავდა, ისე ამუშავებდა მიწას. `ჩემი ნება რომ იყოს, ვისაც მოუვლელი აქვს ეზო, მიწას საერთოდ ჩამოვართმევდიო~, იტყოდა თურმე. 
`რთული პიროვნება იყო გერონტი, გარეგნულად ბობოქარი, იმ ჩანჩქერივით ხმაურიანი, ლეჩხუმის გზაზე მიმავალი მგზავრი თვალს რომ ვერ მოაცილებს. შინაგანად ჩუმი, ხშირად ცრემლიანი. შეეძლო, სულში ჩაწვდომოდა ადამიანს. წარმოსახვით მუშაობდა, მე არ შევსწრებივარ, რომ ბუნების წიაღში ეხატოს. ბევრი ზამთარი აქვს დახატული, ყველა ზაფხულში. ხუმრობდა კიდეც ზაფხულში ზამთარს ვხატავ და ზამთარში ზაფხულსო. დრო ნაკლები ჰქონდა თავის საუფლოში _ სამხატვრო სახელოსნოში განმარტოებისთვის. ამით თუ იყო გამოწვეული, ნახატების დიდზე დიდი უმრავლესობა დროის მოკლე მონაკვეთში, თითქმის ექსპრომტად რომ იქმნებოდა. დაიწყებდა ხატვას, დამთავრებამდე სახელოსნოდან არ გამოდიოდა. ეს გრძელდებოდა 2 ან 3 საათს, მერე დაიძახებდა: დედაკაცო! მოდი, აბა! როგორია?~ ნამდვილად ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ნახატს, რომლის შექმნაზე ერთ დღეზე მეტი ემუშაოს. _ მეუბნება ქალბატონი ზოია.
ბოხვაურში ხშირად სტუმრობდნენ ხელოვანები თუ ხელოვნების მოყვარულნი. გულმოწყალე და გულუხვი იყო. ვისაც რომელი ნახატი მოეწონებოდა, შესაფერის წარწერას გაუკეთებდა და აჩუქებდა. მარტო ოზურგეთის რაიონის სხვადასხვა ოჯახში 50-მდე ნამუშევარი ჰქონია გაჩუქებული. ამისთვის ლოგიკურად გაულექსავთ კიდეც: `იყო ბევრის მეტოქე და ხელოვანი ქებული, გაყიდულზე მეტი ჰქონდა ტილო გაჩუქებული~.
არ წყალობდა პოლიტიკასა და პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, მსჯელობდა გარკვეული ჯგუფის ადამიანებთან, ჰქონდა საკუთარი მოსაზრებებიც, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობდა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებაზე. ვერ იტანდა კომუნისტებს, კუდქიცინა ძაღლის ლეკვებად ხატავდა მათ. რასაც ფიქრობდა, სიტყვითაც დაუფარავად ამბობდა და ფუნჯითაც რეალურად გადმოსცემდა, ზოგჯერ ზედმეტად მკაცრადაც კი. 
მხატვრის ბოლო ნამუშევრის შექმნის ისტორიას მაცნობს ქალბატონი ზოია: `ახასიათებდა უკიდურესი გატაცება რაიმეთი ან ვინმეთი. არ უყვარდა საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა, უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც ვერ იმეტებდა ნახატს გასაყიდად.
ოზურგეთის #1 სკოლას, სადაც ჩვენი შვილიშვილები სწავლობდნენ, მეგობრობა ჰქონდა თელავის რომელიღაც სკოლასთან. ერთხელ სკოლის დირექტორმა მარინა ვაშალომიძემ გერონტის უთხრა თურმე, `თელავში მივდივართ, მაყიდვინე სამხატვრო გალერეაში ერთი ისეთი ნახატი, 40 ლარი რომ ღირდესო~. მასეთი ნახატი მე არ მაქვს სახლშიო, უთქვამს გერონდის. მარინას გასცინებია და ამით დამთავრებულა საუბარიც. 
სახლში დაბრუნებულმა ეს რომ მითხრა, მივხვდი ჩემგან რაღაც რეაქციას ელოდა. ხმა არ ამომიღია. წლები იყო გასული არაფერი დაეხატა. ის კი არა, ვფიქრობდი, ნეტავი ფუნჯის ხმარება თუ ახსოვს-მეთქი. მძიმე დეპრესია ჰქონდა მაშინ, მხოლოდ შვილიშვილებს თუ დაუხატავდა რაიმეს სკოლისთვის. სახლში ნამდვილად არაფერს ხატავდა. შევატყვე, მარინას თხოვნის შესრულება უნდოდა. ვუთხარი: ნახატს არ ტოვებ ოჯახში და არც ახალს ხატავ არაფერ-მეთქი.
ერთი-ორი დღის მერე ცოტა დიდხანს გაჩერდა სახელოსნოში. არ შევსულვარ. არც ისე დიდი ხნის შემდეგ მიძახის: სად ხარ, დედაკაცო? მოი!~ შევედი, ვხედავ, პალიტრაზე კარგა მოზრდილი კომპოზიციაა მწვანე ფერებში. ვთქვი: ხოო, ეს შემოქმედის ცენტრი, ეკლესიის მხარე, უი, ეკლესიაც ჩანს! როგორიაო? _ მკითხა. ჩემთვის ყველა ძალიან კარგია-მეთქი, _ ვუპასუხე. ჩემდაუნებურად დაემსგავსა, ამას მარინას მივცემ თელავში წასაღებადო, _ ჩაილაპარაკა თავისთვის.
მარინამ მასწავლებლებში ფული შეაგროვა, სულ მგონი 70 თუ 80 ლარი იყო. ეკა ღლონტს გამოატანა და დააბარა, ჩუმად დაუტოვე ცოლსო. ეკამ ბუხარზე შემოდო, ვითომ ჩუმად. შევამჩნიე. რა თქმა უნდა, უკან გავატანე. იმ ფულით სამასწავლებლოში ღუმელი დადგეს. მერე გერონტის ეუბნებოდნენ, თურმე, შენგან ორი საჩუქარი მივიღეთ, ერთი ნახატი და მეორე ღუმელიო. მაშინ რა ვიცოდი, თუ ეს ნახატი იქნებოდა საკუთარ სახელოსნოში შესრულებული მისი ბოლო კომპოზიცია?!~
ძალიან ჰყვარებია კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით ოპერა, ფაქიზი სმენისა და  შესანიშნავი ხმის მქონე ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება არ ჰქონია, არიებს ასრულებდა, თურმე, მშვენივრად.
მხოლოდ ამ წერილზე მუშაობისას გავიგე, რომ ის წერდა კიდეც. ვერ გეტყვით, სხვა როგორ აფასებს, მაგრამ ვისაც მისი `მთვარის იდილიის~ გაცნობის ბედნიერება ჰქონია, ის უმალ გაიგებს, რომ გერონტი ღლონტი ჭეშმარიტ პოეზიასთანაც წილნაყარი ხელოვანია.
არასოდეს ჰქონია პერსონალური გამოფენა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არც თვითონ მოუწადინებია და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ამისთვის არც სხვას გადაუდია დიდად თავი.
ზოგიერთმა შეიძლება არც იცის, რომ მადლიერმა ოჯახმა _ მეუღლემ და შვილებმა მხატვრის შემოქმედებას 2006 წლის 17 დეკემბერს ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე, მრავალსართულიან სახლში დაუდეს ბინა. შთაბეჭდილებების წიგნში იმდღევანდელ ჩანაწერებს ვეცნობი:
`გერონტი ჩვენთვის იყო კაცი ლეგენდა, კაცი სიმართლის მთქმელი, საუცხოო გურული იუმორით. იგი ნამდვილი მხატვარი იყო სულითა და ხორცით. რაოდენ სამწუხაროა, რომ უდროოდ წავიდა. ის კიდევ შექმნიდა ნამდვილ შემოქმედებით ნამუშევრებს~, _ წერს მხატვარი ვახტანგ მამეშვილი.
ბათუმელი მხატვრის ზაურ წულაძისთვის კი ჩვენი წერილის გმირი ძმა და ჭეშმარიტად ანთებული სანთელია: `ჩემო ძამიკო, მხატვარი წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ ფასდება და ჩანს, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი. შენ დღეს გამოჩნდი, როგორც ნიჭიერი, თვითმყოფადი და რაც მთავარია, ეროვნული მხატვარი. შენ ჩემი ძმა იყავი და ჩემს გულში ყოველთვის იქნები ჭეშმარიტად ანთებული სანთელი~.
გამომშვიდობებისას ქალბატონი ზოია მეუბნება: `ძნელია ვიყო ობიექტური გერონტის შემოქმედების შეფასებისას. ჩემთვის ყველა მისი ნახატი შვილივითაა. ჩათვალეთ, რომ მრავალშვილიანი დედა ვარ და თითოეულზე ზრუნვას შევალევ მთელ ჩემს სიცოცხლეს~.
უმცროსი ქალიშვილი თამარი კი დასძენს: `მამაჩემის ძალიან ბევრი ნახატს ფერწერის მოყვარულები ჯერ კიდევ არ იცნობენ. ამიტომ ვფიქრობ, შევქმნა მისი შემოქმედების სრულად ამსახველი, ვიზუალურად  და ინფორმაციულად ტევადი კატალოგი~.
გერონტი ღლონტის სახვითი ხელოვნების ნიმუშების კოლექციური კატალოგის შექმნა, იცოცხლეთ, შესანიშნავი და აუცილებლად გასახორციელებელი იდეაა, მაგრამ, არა მგონია, თამარ ღლონტმა დამოუკიდებლად შეძლოს ეს, თუ გვერდით არ დაუდგა ოზურგეთელი საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან საამისოდ მხოლოდ მრავალმხრივი ინტელექტუალური საქმიანობა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანი ფულადი რესურსია საჭირო.
ავტორი: თემურ მარშანიშვილი

No comments:

Post a Comment